By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

30-04-2018, 17:14  - ზესტაფონში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა


ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა. კვირეულის პირველი დღე, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 125 წლისთავს და დიდი მწერლის შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას დაეთმო. ღონისძიება მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. გაიხსენეს კონსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურული მემკვიდრეობისა და მოღვაწეობის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ერთ საათიან პროგრამას ფოტო და ვიდეო მასალების თემატური კადრებიც გასდევდა. კვირეულის ფარგლებში, საბიბლიოთეკო გაერთიანების ყველა დაწესებულება ჩაერთვება. მოეწყობა „ჩემი საყვარელი წიგნი“ –ს საჯარო განხილვა, დაგეგმილია მირზა გელოვანის ხსოვნის საღამოსა და იოსებ ნონეშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვაც.
 

28-04-2018, 13:31  - ზესტაფონი საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს კიკბოქსინგში


ზესტაფონის სპორტის სასახლეში, საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა კიკბოქსინგში. საერთაშორისო პირველობაზე, საქართველოდან 20 კლუბის წარმომადგენელი ასპარეზობს. ტურნირში მონაწილეობას ირანისა და სომხეთის ნაკრების სპორტსმენებიც იღებენ. ზესტაფონის სახელით ჩემპიონატზე 10 სპორტსმენი გამოდის. სპორტული ღონისძიების მონაწილეებს, მერის მოადგილე, ბესიკ ლეონიძე და მერის თანაშემწე, მარადი ლიპარტელიანი მიესალმნენ და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს კიკბოქსინგელებს საერთაშორისო სარბიელზე. ტურნირს კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი, ლაშა ჭურაძე ადევნებს თვალყურს. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. საერთაშორისო ტურნირს კიკბოქსინგში უკვე მესამედ მასპინძლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

 

27-04-2018, 17:57  - ფაროსანასთან საბრძოლველად ზესტაფონს 2 სპეციალიზირებული მანქანა გადაეცა


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მავნებლის გასანადგურებელი სპეციალიზირებული ტექნიკის პრეზენტაცია გაიმართა. საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი იაკობაშვილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და საზოგადოებას, ის ძირითადი გზავნილები გააცნო, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. მათ ასევე ისაუბრეს ტექნიკის აღჭურვილობისა და მისი გამოყენების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონს 2 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული ავტომანქანა გადაეცა. მათ შორის 1 თერმული ნისლის აგრეგატი და 1 ცივი შესხურების ტექნიკა. როგორც საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა განმარტა, შეწამვლითი სამუშაოების დაწყებამდე 24 საათით ადრე, წინასწარ ეცნობება სოფლის მოსახლეობას. სახელმწიფო, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სამ ძირითად მიმართულებას ახორციელებს.
 

27-04-2018, 08:46  - იმუნიზაციის კვირეული – აცერი და დაიცავი! ვაქცინები მოქმედებს!


ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალურ ცენტრში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და იმუნიზაციის მნიშვნელობის გაცნობის მიზნით, მრავალი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა.
კვირეულის სლოგანია: "ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!" ცენტრი ემსახურება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ახდენს ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიღება–გაცემას სამედიცინო დაწესებულებებზე, ვაქცინაციის ჩატარებას და მონიტორინგს, C ჰეპატიტის სკრინინგს და სხვა. ასევე ატარებს სკრინინგულ კვლევას ჰელმინთებზე (პარაზიტებზე) და ხდება 5 – დან 10 წლამდე ბავშვებისათვის, პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატების უსასყიდლოდ გაცემა.
იმუნიზაციის კვირეულის მხარდასაჭერად და ამ მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, C ჰეპატიტის სკრინინგ პროგრამაში ჩაერთნენ.
 

25-04-2018, 21:26  - კახაბერ მახათაძემ სოფლებთან შეხვედრები ილმიდან დაიწყო


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე და სოფელ ილმის მაჟორიტარი დეპუტატი ჯემალ გორგოძე, ილმის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლის ძირითად საჭიროებებს შეეხო, რაც ძირითადი და შიდა საუბნო გზების, სხვადასხვა უბნების დამაკავშირებელ ხიდ-ბოგირების, მაღალი და დაბალი ძაბვის ავარიული ელექტრო ენერგიის გადამცემების, სანიაღვრე არხებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეკონსტრუქციას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ძირითადი გზის აღდგენითი სამუშაოები ადგილზე ორ კვირაში დაიწყება.
,,ჩემთვის ცნობილია, რომ სოფელს ტრანსპორტირებისა და მტაცებელი ნადირის მიერ პირუტყვის განადგურების პრობლემები აწუხებს, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად შესაბამის სამსახურებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი რუსუდან ძიძიშვილი, რომელმაც ადგილობრივებს მცენარეთა დაცვის მიზნით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებაში ჩართულობისკენ მოუწოდა და ქიმიური პრეპარატების გამოყენების წესები აუხსნა.
 

25-04-2018, 20:48  - ზესტაფონში, წყალგაყვანილობის პრობლემებზე, უახლესი ტექნიკა იმუშავებს


საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უახლესი სპეციალური ტექნიკა ზესტაფონშია და წყალგაყვანილობის სისტემისა და საკანალიზაციო კოლექტორების გაწმენდაზე იმუშავებს. მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე და მერის პირველი მოადგილე, დავით ჩირგაძე, კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესში შეხვდნენ და ქალაქის წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემური მონაკვეთები გააცნეს. გაუმართავი სისტემის გამო, რამდენიმე ადგილზე, წვიმის დროს, მუდმივად დგება წყალი, რაც პრობლემას უქმნის სამანქანო გადაადგილებას, ქვეითად მოსიარულეებსა და მაღაზიის მეპატრონეებს.

„ზესტაფონს ეს პრობლემა დიდი ხანია აქვს და მისი გადაჭრა უმნიშვნელოვანესი ამბავია“, –ამბობს კახაბერ მახათაძე.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის, ბაკურ ჩხენკელის თქმით, უახლესი ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები ზესტაფონში პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე დარჩებიან.
 

25-04-2018, 19:06  - ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხსოვნის საღამო გაიმართა


მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სასულიერო პირები, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები და რიგითი ზესტაფონელები ესწრებოდნენ. ხსოვნის საღამოზე, ზესტაფონში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაიხსენეს. ადამიანები, რომელთაც ერთი მისია აერთიანებდათ, უანგაროდ იდგნენ ქალაქის და ქვეყნის სამსახურში. საღამოს ორგანიზატორებმა, მუზეუმის არქივში დაცული ფოტომასალების კოლაჟი წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას მისცეს შესაძლებლობა, გაეხსენებინათ ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ქალაქის ისტორიას. მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ, მარადი ლიპარტელიანმა, მერიის სახელით მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებს და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაში, მხარდაჭერა აღუთქვა.
 

24-04-2018, 20:15  - ზესტაფონში მერის ინიციატივით ველომარათონი გაიმართა


მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის ორგანიზებით 24 აპრილს ქ. ზესტაფონში სამოყვარულო ველომარათონი მოეწყო. მარათონი ველოსიპედის საერთაშორისო დღეს და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მიეძღვნა. სადაც მონაწილეობა მიიღეს მერმა და მერიის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, „კრისტალ ბანკმა“, მოყვარულმა და პროფესიონალმა ველომრბოლელებმა. მონაწილეებმა მ. ასლანიკაშვილის სანაპიროზე, ვ. წერეთელის სკვერიდან მ. სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრამდე მანძილი დაფარეს. მარათონის დასასრულს სპორტის სასახლის დარბაზში შედგა სანაპიროზე ერთკილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტების, ორმხრივმოძრაობიანი ველობილიკის მოწყობის იდეის პრეზენტაცია. მერის ინიციატივას მხარს უჭერს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ველობილიკის სპეციალური გამწვანების ზოლის მოწყობას უზრუნველყოფს.
იდეამ ყველას მოწონება დაიმსახურა, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვები მოხიბლა. მერმა მადლობა გადაუხადა ყველას მარათონში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით მ. სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს.
 

24-04-2018, 12:10  - ვიდეორგოლების კონკურსი – "ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე"


23 აპრილს, ზესტაფონის რაიონულმა პროკურატურამ, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, პროექტის – "საზოგადოებრივი პროკურატურა" ფარგლებში, მოსწავლეთა ვიდეორგოლების კონკურსი "ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე" გამართა. პროექტის მხარდამჭერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და მასში სამი რაიონის: ზესტაფონის, ხარაგაულისა და თერჯოლის 20 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მათ შორის სოფლის სკოლები. პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის მიზანია მოსწავლეთა ორიენტირება და პრევენცია, ისეთ აქტუალურ და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ძალადობა, იარაღის უკანონო გამოყენება, სკოლაში ბულინგის თემა. უფროსკლასელებმა თავიანთი შეხედულებები და დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ მოკლე ვიდეორგოლებში ასახეს, რომლებიც თავად წარმოადგინეს და ერთგვარ მესიჯებად დაუტოვეს საზოგადოებას. დასასრულს, ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ზესტაფონის რაიონული პროკურორი კახაბერ მურადაშვილი, პროკურატურის წარმომადგენლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ლეონიძე, ფსიქოლოგი ნანა სამხარაძე, ბიბლიოთეკის დირექტორი ლელა ბარბაქაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, გამარჯვებულები გამოავლინა:
პირველი ადგილი წილად ხვდა ზესტაფონის № 7 საჯარო სკოლას. მეორე ადგილი – თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლას. მესამე ადგილი კი, ასევე თერჯოლის, სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლას ერგო. გამარჯვებულებს საჩუქრად სიგელები და თემატური მაისურები გადასცეს. როგორც პროექტი ითვალისწინებს, პირველ ადგილზე გასული, ზესტაფონის № 7 საჯარო სკოლის ვიდეორგოლი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამართულ დასკვნით საკონკურსო ტურში გააგრძელებს მონაწილეობას.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს!
 

24-04-2018, 12:07  - ზესტაფონში ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 21 – 22 აპრილს, გოჩა შალამბერიძის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართა. პირველი საღამო გარდაცვლილი ძმის გოჩა შალამბერიძისა და ხელოვნების სხვა მოღვაწეთა ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალში ზესტაფონის, მარტვილის, ხონის, საჩხერის, ცაგერის, ერედვის, თერჯოლის, ვანის, სამტრედიის, ტყიბულის, ქუთაისის, ჭიათურის და წყალტუბოს ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ფესტივალისთვის უკრაინისა და ლატვიის ორი ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩამოვიდა, რაც ქვეყნებს შორის კულტურათა გაცვლას და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად. სტუმრებმა და მასპინძლებმა სიმბოლურად ნაციონალური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.
ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს პრიზები, სიგელები და მედლები გადაეცათ.
ფესტივალს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, მერის მოადგილე ბესიკ ლეონიძე, მერის თანაშემწეები ხათუნა ასათიანი, მარად ლიპარტელიანი და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
 
უკან შემდეგი
>